თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, 40 დღის განმავლობაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით.

მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.

ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.