პროტოპრესვიტერის, გიორგი ზვიადაძე განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა.
მისი განმარტებით, პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო, რის გამოც ანდერძის დატოვება საჭირო აღარ გახდა.
„კანონიკური წესის მიხედვით, თუ პატრიარქი სიცოცხლეში არ ასახელებს მოსაყდრეს, ასეთ შემთხვევაში იწერება ანდერძი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქმა წინასწარ განსაზღვრა მოსაყდრე, ამან თავიდან აიცილა შესაძლო უთანხმოება და ანდერძის საჭიროებაც აღარ დადგა,“ — განაცხადა ზვიადაძემ.
მისივე თქმით, როცა მოსაყდრე სიცოცხლეშივე არის დანიშნული, ანდერძის არსებობა აზრს კარგავს.
ზვიადაძე ასევე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არც მოსაყდრე იქნებოდა დასახელებული და არც ანდერძი იარსებებდა, გადაწყვეტილება მიიღებოდა ქიროტონიის პრინციპით — უპირატესობა მიენიჭებოდა იმ მღვდელმთავარს, რომელსაც ხელდასმა ყველაზე ადრე აქვს მიღებული.
დღევანდელი მდგომარეობით კი, მისივე თქმით, ეს საკითხი სრულად გარკვეულია.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე არის მიტროპოლიტი შიო და ამ საკითხზე არც სინოდში და არც საზოგადოებაში კითხვები არ არსებობს,“ — აღნიშნა მან.
ზვიადაძემ ასევე უპასუხა გავრცელებულ კითხვას, არსებობს თუ არა ანდერძი ფიზიკური ფორმით და აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს.
მისი თქმით, ილია II-მა სიცოცხლეშივე, როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად დაადასტურა მოსაყდრის ვინაობა, რის შესახებაც წმინდა სინოდიც ინფორმირებული იყო.
პროტოპრესვიტერმა მედიას მოუწოდა, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლამდე თავი შეიკავონ მომავალი პატრიარქის თემაზე საუბრისგან.
„ეს არის ეკლესიისთვის მძიმე პერიოდი. ახლა საუბარი მომავალ პატრიარქზე ძალიან უხერხულია და დამატებით ტკივილს იწვევს,“ — განაცხადა მან.
რაც შეეხება პატრიარქის არჩევის წესს, ზვიადაძის განმარტებით, ის არ შეიცვლება.
მისი თქმით, ეკლესიის დებულების თანახმად, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, თუმცა არაუგვიანეს ორი თვისა, უნდა გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა. ხმის მიცემის უფლება მხოლოდ სინოდის წევრ მღვდელმთავრებს აქვთ.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ სინოდი შესაძლოა 40 დღის გასვლამდეც შეიკრიბოს, თუმცა ეს ძირითადად საორგანიზაციო საკითხებს შეეხება.