სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სესიის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს. დღის წესრიგშია 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ”fact-finding” მისიის ანგარიშის განხილვა, სტიუარტ დიქსონის მოხსენებით. დებატები და კენჭისყრა გაიმართება შესწორებებზე, რეზოლუციის პროექტსა და რეკომენდაციების პროექტზე.
ანგარიშში ევროპის საბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- სასწრაფოდ განაახლონ პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, პოლარიზაციის შესამცირებლად და პლურალისტურ დემოკრატიაში კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად;
- განახორციელონ კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რათა აღადგინონ ნამდვილი ადგილობრივი დემოკრატია ქარტიის შესაბამისად;
- გააუქმონ საარჩევნო კოდექსში პრობლემური ცვლილებები და განახორციელონ ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელსაც წინ უძღვის ფართო კონსულტაციები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ყველა ძირითადი ხარვეზის აღმოსაფხვრელად;
- დაუყოვნებლივ შეაჩერონ ოპოზიციური ხმის კრიმინალიზაციის პროცესი და გააუქმონ ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას;
- ხელახლა შემოიღონ გენდერული კვოტები და გააძლიერონ არსებული დებულებები ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის ადგილობრივ პოლიტიკაში;
- გააუქმონ ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას და დაუბრუნდნენ კონგრესის სისტემატურად მოწვევის პრაქტიკას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად;
- გააუქმონ ყველა კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, თავი აარიდონ ქმედებებს, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების საქმიანობას ან შეარყევენ ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლებს;
- გამოიძიონ საფუძვლიანად ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით დაკავებულებისა და მომიტინგეების მიმართ, და გაათავისუფლონ დაპატიმრებული ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები.
ეს რეკომენდაციები ეხმაურება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და პოლიტიკური პროცესების ინკლუზიურობის აუცილებლობას, უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და ადამიანის უფლებების დაცვას.