ომის 34-ე დღეს ისრაელისა და აშშ-ის საბრძოლო მოქმედებები ირანში გრძელდება.   BBC-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია სარაკეტო ბაზასა და ხიდზე თავდასხმა. ირანი თავდასხმებს   ისრაელისა და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაკეტებით პასუხობს. ამასობაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის სამხედრო გზით ხელახლა გახსნა შეუძლებელია და მკვეთრად უპასუხა ტრამპის კომენტარებს მეუღლესთან, ბრიჯიტთან ურთიერთობის შესახებ.

შეგახსენებთ ხუთშაბათს, ისრაელმა ან აშშ-მ დაარტყა  ქალაქ კარაჯში, თეირანის დასავლეთით ხიდს. ეს ხიდი მდებარეობს მთავარ მაგისტრალზე, რომელიც თეირანს ქვეყნის დასავლეთ რეგიონებთან აკავშირებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე, დარტყმის შემდგომ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

B1 ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია, ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხიდად ითვლება: ის 1050 მეტრზეა გადაჭიმული, სვეტები კი 136 მეტრს აღწევს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხიდზე დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანშიც. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა BBC Persian-ის კორესპონდენტს განუცხადეს, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა  ქალაქის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით.

BBC Verify-ის  ფაქტების შემოწმების ჯგუფმა, ასევე დაადასტურა გუშინდელი სამი ვიდეოს ავთენტურობა, რომელიც ცენტრალურ ირანში, ისპაჰანში, სარაკეტო ბაზაზე განხორციელებულ დარტყმას ასახავს. კადრებში ჩანს ძლიერი აფეთქებები, მათ შორის მეორადი დეტონაცია, ალისა და კვამლის უზარმაზარი სვეტი და ნამსხვრევები, რომლებიც ქალაქისა და ბაზის მახლობლად მდებარე მთებისკენ მიემართება.

BBC Verify-იმ ასევე დაადასტურა ხუთშაბათს გამოქვეყნებული კიდევ ერთი ვიდეოს ავთენტურობა: მასზე ჩანს კვამლის დიდი სვეტი, რომელიც ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაშჰადის აეროპორტის ტერიტორიიდან ამოდის.

ვიდეო გადაღებულია აეროპორტის მახლობლად მდებარე გზაზე მდგარი მანქანიდან. რთულია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა იწვის. ირანული მედიის ცნობით, დარტყმა შესაძლოა საწვავის საწყობსა და საწყობებს ეხებოდეს. ირანის საჰაერო ძალებიც მაშჰადის აეროპორტში იყვნენ ბაზირებულნი.

რაც შეეხება ირანის საპასუხო ქმედებებს – არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანმა ხუთშაბათს ქვეყნის მიმართულებით 19 რაკეტა და 26 დრონი გაუშვა, რითაც ომის დაწყებიდან მოყოლებული, საერთო რაოდენობა 457 რაკეტასა და 2038 დრონამდე გაიზარდა.

ქუვეითის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი რაკეტა და 13 დრონი ჩაჭრეს; ყატარმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო.

ისრაელის არმიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 20 რაკეტა გაუშვა წინა დღეს; არცერთი მათგანი არ მოხვდა სამიზნეს.

ხუთშაბათს ირანმა განაგრძო ისრაელის მიმართულებით სროლა. ჰეზბოლამ ასევე ლიბანიდან დაახლოებით 130 რაკეტა გაუშვა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, ხოლო იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელზე დარტყმის ახალი მცდელობის შესახებ განაცხადეს. ისრაელის ცნობით, ჰეზბოლას რაკეტებმა ოთხი ადამიანი დაჭრა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  ამერიკის პრეზიდენტის  ტრამპის მიერ მის მეუღლესთან, ბრიჯიტთან ურთიერთობაზე გამოთქმულ პირად შეურაცხყოფას უპასუხა.

ოთხშაბათს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან საუბრების განხილვისას, ტრამპმა  ხუმრობა გადაწყვიტა და ახსენ მაკრონის ცოლი, რომელიც სავარაუდოდ, „მას ძალიან ცუდად ეპყრობოდა“ და რომ პრეზიდენტს  „მარჯვენა ხელის ჯერ კიდევ ყბის ტრავმისგან აქვს მიმართული“.

მაკრონმა, რომელიც ხუთშაბათს სამხრეთ კორეას სტუმრობდა, შენიშვნას „უგემოვნო და შეუფერებელი“ ასევე   კომენტარისთვის უღირსი უწოდა. შემდეგ კი მან კომენტარი არა ამ ”ხუმრობაზე”, არამედ ტრამპის პოლიტიკურ განცხადებებზე გააკეთა ნატოსა და ირანის ომის შესახებ.

„ბევრი საუბარია, სრული თანმიმდევრულობა არ არსებობს. თუმცა, ყველას გვჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, მშვიდობის დაბრუნება. ეს მხოლოდ შოუ არ არის“, – თქვა მაკრონმა.

„თუ სერიოზულად გინდათ საუბარი, ყოველდღე იმის საპირისპიროს ვერ იტყვით, რაც გუშინ თქვით“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, შეუძლებელია ირანის იძულება, სამხედრო გზით მოხსნას ჰორმუზის სრუტე.

„ჩვენ თავიდანვე არ ვუჭერდით მხარს ამ ვარიანტს, რადგან ის არარეალურია. ეს სამუდამოდ გაჭიანურდებოდა და სრუტეში გამვლელებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თავდასხმების, ბალისტიკური რაკეტების დარტყმების და გამვლელის თავდასხმების რისკის ქვეშ დააყენებდა“, – თქვა მაკრონმა.

ამავე თემაზე ხუთშაბათს, დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი, ჩაატარა ვიდეო სამიტი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ შეხვედრის შემდეგ, კუპერმა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის „სამხედრო ანალიტიკოსები“ მომავალ კვირას ბრიტანეთის გენერალურ შტაბში შეიკრიბებიან.

თავდაცვის სამინისტროს ონლაინ გამოცემის ცნობით, ამ შეხვედრის თემა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის „რეალისტური ვარიანტები“ იქნება.

დიდი ბრიტანეთის ვიდეო სამიტის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა  ევროკავშირის საზღვაო დაჯგუფება „ასპიდესის“ გაძლიერებისკენ გააკეთა მოწოდება, რომლის ამოცანაც წითელ ზღვაში გემების დაცვაა იემენელი ჰუსიტი ამბოხებულების თავდასხმებისგან. ეს ჯგუფი შედგება სამი საბრძოლო გემისა და ერთი დამხმარე გემისგან.

ხუთშაბათს საღამოსვე (ევროპაში), როგორც კი დონალდ ტრამპმა დაიწყო ერისადმი მიმართვა და გაირკვა, რომ მას არ ჰქონდა განზრახული საომარი მოქმედებების დასრულების გამოცხადება, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

ბრენტის ნავთობის ფასი ბარელზე 99 დოლარიდან 109 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის WTI ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და ბარელზე 113 დოლარს მიაღწია.

დღის ბოლოსთვის (ისევ ევროპაში) ფიუჩერსული ფასები ოდნავ დაეცა.