დღეს ვნების შვიდეულის შაბათია – იერუსალიმში წმინდა ცეცხლის ტრადიციული რიტუალის ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ქრისტეს აღდგომის ტაძრის კარი სამართალდამცველებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით უკვე გაიხსნა. ტაძარში შესვლის უფლება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტებისა და სირიული ეკლესიის წარმომადგენლებს აქვთ. თუმცა, რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ომის ფონზე, რიტუალი წელს განსაკუთრებულ პირობებში ტარდება. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი უსაფრთხოების მიზეზებით 40 დღის განმავლობაში დახურული იყო, დღეს კი მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა. ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება რეგიონში ვითარების შედარებით დასტაბილურების გამო მიიღო.  რაც შეეხება თავად რიტუალს, დილიდან ტაძარში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები:  მაცხოვრის საფლავიდან, იგივე კუვუკლიადან გამოაქვთ სანთლები და კანდელი. ტაძრის კარები და თავად საფლავი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქისა და სომხური ეკლესიის წარმომადგენლების თანდასწრებით ილუქება. დალუქვას ესწრებიან ისლამური წარმომავლობის პოლიციელებიც, რაც საუკუნეების ტრადიციაა. შემდეგი ეტაპი კუვუკლიაში პატრიარქის შესვლაა. იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე მღვდელმსახურებთან ერთად, საზეიმო მსვლელობით, ლიტანიობით სამჯერ გარს შემოუვლის მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. მსვლელობის დასრულების შემდეგ, პატრიარქი წარმოთქვამს ლოცვას და სანთლების შეკვრით შებრძანდება საფლავში, მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვება, თუმცა, ის იმ ადგილას რჩება, სადაც აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და მენელსაცხებლე დედებს უფლის აღდგომა ახარა. აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის პატრიარქს, ისევე როგორც მორწმუნეებს, ხელში 33 სანთელი უჭირავთ, რაც დედამიწაზე იესოს ცხოვრების 33 წელს განასახიერებს. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ, პატრიარქი კუვუკლიადან გამოდის და ცეცხლს ტაძარში ავრცელებს.