აშშ-ის საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებს შეეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს მაკა ბოჭორიშვილს, მამუკა მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. „დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების მიხედვით, დელეგაციამ ხაზი გაუსვა აშშ-ის ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით. „მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. შეერთებული შტატები ელოდება საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
აშშ-ის საელჩო ასევე ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შესახებ.
“ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს,” – ნათქვამია საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების 25-28 მაისს გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. „აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“-სა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.