ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2 ივნისს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება. უწყების განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივი სტრატეგიული პროექტის სრულ ექსპლუატაციაში შეყვანით ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას შეუწყობენ ხელს.
სამინისტროს ცნობით, ახალი სარკინიგზო მარშრუტი რეგიონში დამატებით გამტარუნარიანობას შექმნის, სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონულ დაკავშირებადობას.
მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო 27 კილომეტრზე აშენდა სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების სარკინიგზო მაგისტრალი.
უწყების ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო პროექტის სრული ამოქმედების შემდეგ მისი გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ეს რეგიონს დამატებითი ტვირთნაკადების მიღებისა და გატარების შესაძლებლობას მისცემს.
სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა ბაქოში გამართული შეხვედრებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის, რაშად ნაბიევი მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერის შედეგად.