„ქართული ოცნების“ დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილი განცხადებით, საქართველო უკვე დიდი ხანია მზადყოფნას გამოხატავს აშშ-სთან რეალური და უფრო ღრმა სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც, მისი შეფასებით, აქამდე არსებულ ურთიერთობებზე მეტად პრაქტიკულ და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.
შარმანაშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ რესურსი არსებობს, რასაც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს.
„რესურსი რომ არ არსებობდეს, ამერიკა ასე ინტენსიურად არ დაიწყებდა ამ ურთიერთობებს ბოლო ხანებში. ახლა უკვე ინვესტიციებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზე დაიწყო საუბარი, რაც ნებისმიერ ჩვენგანში დადებით ემოციებს იწვევს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის ისეთი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დეკლარაციებს არ დაეფუძნება და ეკონომიკურ მიმართულებებსაც მოიცავს.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის გზავნილი ოპოზიციის მისამართით იყო მიმართული.
„მე მიხარია, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად და ხმამაღლა უთხრა იმას, ვისაც უთხრა. პირდაპირი მისამართით უთხრა აქაურ რადიკალებს, მაგრამ ეს იმათ გასაგონადაც იყო, ვინც ამ ხალხს ამ ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტისა და ადგილობრივი არჩევნების პროცესიდან დისტანცირების შესახებ შეცდომა იყო, რომელიც, როგორც თავად ამბობს, არა საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ მიღებული პოლიტიკური მითითებების შედეგი გახდა.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 25-28 მაისს ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის მზად არის.
ამავე განცხადების მიხედვით, შეერთებული შტატები საქართველოსთან ისეთი პარტნიორობის განვითარებას ელოდება, რომელიც ორივე ქვეყანას პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს და ორმხრივი ურთიერთობების სრულ პოტენციალს აამოქმედებს.