პროკურატურაში ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება, – ამის შესახებ მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებთან „არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“.

„ამ ეტაპზე, არანაირი ცვლილება არ არის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში დავწერეთ განცხადება და მივმართეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. არანაირი პასუხი არ მიგვიღია – არც უარყოფითი, არც დადებითი. დღეის მდგომარეობით, არაფერი არაა შეცვლილი“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.

მისივე თქმით, რომეო მიქაუტაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი 14 სექტემბერს გაიმართება და დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ მანამდე პროკურატურა საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებს.

„ჩვენ სააპელაციო სასამართლოში პროცესი 14 სექტემბერს გვექნება და ვნახოთ, მანამდე თუ რაიმე პოზიციას ჩამოაყალიბებს საქართველოს პროკურატურა და რაიმე პირობებს შემოგვთავაზებს, განვიხილავთ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ნემსიწვერიძის განცხადებით, მას პროკურორთან საუბარი ჰქონდა, თუმცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სამართალდამცველებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს.

პროკურატურა მას რამდენიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

მიქაუტაძეს სხვადასხვა ეპიზოდზე სასამართლომ ჯამურად თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მათ შორის 10 წლით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე.

მის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა 14 სექტემბერს არის ჩანიშნული.