საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი, მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში გააქტიურებული საინვესტიციო კამპანიების შესახებ აფრთხილებს. საუბარია შეთავაზებებზე, რომლებიც კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში თანხის დაბანდებასა და სწრაფი მოგების მიღებას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსგავსი სქემები შესაძლოა „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს წარმოადგენდეს. ასეთ შემთხვევაში სქემის მთავარი მიზანი თანხის რეალურ ბიზნესსაქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში ინვესტირება კი არა, ახალი მონაწილეების მოზიდვა და მათი სახსრების გამოყენებაა.
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნესსაქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა“, – განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი სქემები თავდაპირველად შესაძლოა წარმატებულად გამოიყურებოდეს, რადგან მონაწილეებმა გარკვეული თანხის მიღება შეძლონ. თუმცა, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა ვეღარ ხერხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების წინაშე არსებულ ვალდებულებებს და სქემა საბოლოოდ იშლება.
გზირიშვილის განმარტებით, ასეთ ვითარებაში მონაწილეებს საკუთარი თანხების გატანაზე ხშირად უარს ეუბნებიან ტექნიკური მიზეზების მოტივით. ზოგ შემთხვევაში კი ინვესტიციის დასაბრუნებლად დამატებითი თანხის გადახდასაც სთხოვენ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების ნაწილმა შესაძლოა იცოდეს მსგავსი სქემების რისკების შესახებ, ისინი მაინც ერთვებიან მათში იმ იმედით, რომ სქემის დაშლამდე ინვესტირებული თანხის ამოღებასა და მოგების მიღებას შეძლებენ.
ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიმზიდველი საინვესტიციო შეთავაზების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიიღონ და წინასწარ შეისწავლონ როგორც კომპანიის საქმიანობა და სანდოობა, ისე შესაძლო რისკები.
„მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე, მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს „საფინანსო“, „საბროკერო“, „საინვესტიციო“ და ა.შ., რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტია“, – აღნიშნა მან.
გზირიშვილი ასევე ურჩევს მოქალაქეებს, მოიძიონ ინფორმაცია სქემის მონაწილეების არა მხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებლობის შემთხვევებისა და მათი მიზეზების შესახებ.
მისი შეფასებით, მსგავსი სქემები სწრაფი მოგების მიღების სურვილს ეფუძნება, რის გამოც მოქალაქეებმა საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალური ინფორმაცია უნდა მოიძიონ და თანხის დაკარგვის რისკი სათანადოდ შეაფასონ.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს მუდმივად აუმჯობესებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე ამახვილებენ. უწყების განცხადებით, არსებული რეგულაციების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას ინვესტირების შესახებ თავად მომხმარებელი იღებს.