საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის მერიას მოუწოდებს, დაადგინოს, შეიცავს თუ არა რუსთაველის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების არეალში აღმოჩენილი მასალა აზბესტს.

სახალხო დამცველის განცხადებით, აზბესტის შემცველობის დადასტურების შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარება. მათ შორის, უნდა გამოირიცხოს მასალის მშრალი ჭრა და მტვრევა, დასაქმებულები აღიჭურვონ შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო წარმოქმნილი ნარჩენი ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში შეგროვდეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისქვეშა ფენებში შესაძლოა აზბესტის შემცველი ძველი მასალები იყოს აღმოჩენილი.

ომბუდსმენის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის წყალარინების ძველ სისტემაში სხვადასხვა მასალასთან ერთად აზბესტისგან დამზადებული მილებიც გამოიყენებოდა, რეაბილიტაციის პროცესში აზბესტცემენტის მილების აღმოჩენის ალბათობა არსებობს.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია ისეთ მძიმე დაავადებებთან, როგორიცაა მეზოთელიომა და ფილტვის კიბო. რისკი განსაკუთრებით იზრდება აზბესტის შემცველი მასალის ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს.

ომბუდსმენი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთაველის გამზირი დატვირთული საჯარო სივრცეა და შესაძლო რისკი მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული პირებით არ შემოიფარგლება.

სახალხო დამცველის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო 15 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყების წინ, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდებარედ მდებარეობს პირველი კლასიკური გიმნაზია და თბილისის №47 საჯარო სკოლა.

ომბუდსმენის შეფასებით, ბავშვები აზბესტის ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. შესაბამისად, აუცილებელია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება და საზოგადოების ინფორმირება აზბესტის შემცველი მასალების იდენტიფიცირებისა და მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოში აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების სრულად დანერგვის მიმართულებით კვლავ არსებობს გამოწვევები, მათ შორის სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის არარსებობა.