აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, მოსკოვში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ წინადადება წარადგინა, – ინფორმაციას Axios-ი ამ საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რეტკლიფის ვიზიტის მიზანი ნაწილობრივ იმის დადგენა იყო, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები განახლებულიყო.
Axios-ი წერს, რომ პარასკევს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის მიაწოდეს ინფორმაცია რეტკლიფის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისა და სამმხრივი სამიტის წინადადების შესახებ.
ტრამპის ადმინისტრაციამ ეს იდეა წარსულშიც წამოჭრა. ზელენსკიმ მას მხარი დაუჭირა, თუმცა პუტინმა უარყო.
დონალდ ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ რეტკლიფის ვიზიტი „სტანდარტული სამუშაო“ ხასიათის იყო და არ ისახავდა მიზნად რუსეთის გაფრთხილებას – თავს არ დაესხას ნატო-ს ტერიტორიას.
წყაროების ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის უთხრეს, რომ რეტკლიფმა მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაც განიხილა.
რეტკლიფი მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრე ბორტნიკოვს შეხვდა.
The New York Times-ის ცნობით, რეტკლიფმა ბორტნიკოვთან ომის მდგომარეობა პესიმისტურად შეაფასა და მოუწოდა, რუსეთმა შეთანხმებას სიტუაციის გაუარესებამდე მიაღწიოს.
Axios-ის წყაროების ცნობით, რეტკლიფი ბორტნიკოვს კონსტრუქციულ მოთამაშედ მიიჩნევს, რომელსაც დიპლომატიური ძალისხმევის განახლებაში დახმარება შეუძლია.