გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული, წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, ქვეყნიდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დარჩება.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა განიხილა და დენის კულანინის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსება მიზანშეწონილად მიიჩნია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კულანინი ცენტრში სამი თვის ვადით, დაკავების საფუძვლების აღმოფხვრამდე ან მისი გაძევების პროცედურის დასრულებამდე დარჩება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ განუცხადა, კულანინმა შიმშილობა შეწყვიტა.
„დღეს მოსამართლემ განიხილა გაძევების პროცედურის დაწყებამდე დარჩებოდა თუ არა მიგრაციის დეპარტამენტში. 3-თვიანი პერიოდია, წარვადგინეთ ბილეთები მესამე ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ დაგისახელებთ. სანამ ქვეყანას დატოვებს, მიგრაციის დეპარტამენტში იქნება. ამ შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს უკვე პირის აეროპორტში მიყვანა, რომ მან საქართველო დატოვოს, რაც სასამართლოზეც დაადასტურა. შიმშილობდა, თუმცა დღეს ვესაუბრეთ და შეწყვიტა. განაცხადა თანხმობა, რომ თავისი ნებით მესამე ქვეყანაში წავა და საქართველოს დატოვებს“, – განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.
„უფლებები საქართველოს“ ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტი სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობაში მიუთითებდა, რომ არსებობდა კულანინის მიმალვისა და გაძევების პროცედურისთვის თავის არიდების საფრთხე.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აქტიური ქირავნობის ხელშეკრულების არ არსებობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა დენის კულანინის ადვოკატების შუამდგომლობა, საქმისთვის მტკიცებულებად დართული მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები და დენის კულანინის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნავენ „უფლებები საქართველოში“.
ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომობილი დააზიანა.
დენის კულანინს სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.