რუსეთმა მიმდინარე კვირაში უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო იერიშები განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 2 000 დრონი, 1 600-ზე მეტი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 31 რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევის ოლქის სოფელ მილაში რუსეთის დარტყმის შედეგად გამოწვეული ნგრევის შედეგების აღმოსაფხვრელად სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, დარტყმასა და შემდგომ აფეთქებას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია, ოთხი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან თავდასხმები ფრონტის ხაზსა და სასაზღვრო დასახლებებზე პრაქტიკულად ყოველდღიურად ხორციელდება. მან დარტყმის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებს შორის ნიკოპოლი, კრამატორსკი და ხერსონი, ასევე ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპრის, დონეცკისა და სუმის ოლქები დაასახელა.
„რუსული ტერორისგან უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა პრიორიტეტულია. რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 2 000-მდე დრონი, 1 600-ზე მეტი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 31 რაკეტა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. ფრონტის ხაზსა და სასაზღვრო თემებზე დარტყმები პრაქტიკულად მუდმივია – ნიკოპოლი, კრამატორსკი, ხერსონი და ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპრის, დონეცკისა და სუმის ოლქების თემები. რუსეთის ყველა დარტყმასა და დანაშაულზე სამართლიან რეაგირებას ვცდილობთ და ეს რეაგირება აუცილებლად იქნება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და ჩვენი დაცვის გაძლიერებაში გვეხმარება“, – აცხადებს ზელენსკი.