აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ირანის ენერგეტიკული ჰაბი, კუნძული ხარგი, მთლიანად ნადგურდება.

„კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა!!! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ერთსტრიქონიან პოსტს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოკლიპი.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს სხვა მტკიცებულება იმისა, რომ ირანის ენერგეტიკულ ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა. თეთრ სახლსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს Reuters-ის თხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

Reuters-ი წერს, რომ ხარგზე თავდასხმა, რომელიც 28 თებერვალს დაწყებულ ომამდე ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ს უზრუნველყოფდა, სერიოზულად შეაფერხებს ქვეყნის ენერგეტიკულ ვაჭრობას და მის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს.