Amnesty International-ის შეფასებით, საქართველოში მნიშვნელოვნად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. საპროტესტო აქციების ტალღა 2024 წლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ ”ქართული ოცნება” ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებამ პროტესტებს უპასუხა რეპრესიული კანონების სერიით, რომელთა მიხედვითაც გაიზარდა ჯარიმები ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ნიღბის ტარება, კარვების გაშლა ან გზის გადაკეტვა.

ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავები სისტემატურად იყენებდნენ გადაჭარბებულ ძალას, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს, რის შედეგადაც დაშავდა ასობით მომიტინგე და 100-ზე მეტი ჟურნალისტი. ასევე გავრცელდა ბრალდებები წყლის ჭავლში აკრძალული ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების შესახებ, თუმცა ეფექტური გამოძიების ნაცვლად ადგილი ჰქონდა მოწმეების შესაძლო დაშინებას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ნიღბიანი პოლიციელები და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები თავს ესხმოდნენ მომიტინგეებს, ხოლო წლის ბოლოსთვის არცერთ სამართალდამცავს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებდა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის შესავიწროებლად. აგვისტოში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაიყინა იმ მიზეზით, რომ ისინი საპროტესტო აქციების მონაწილეებს სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას უწევდნენ. ამასთან, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვაც მოითხოვა.

ანგარიშის მიხედვით, მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები და აქტივისტები ხშირად ხდებოდნენ თვითნებური დაკავებისა და უსამართლო სასამართლო პროცესების მსხვერპლი. კონკრეტულ შემთხვევებს შორის დასახელებულია მზია ამაღლობელი, რომელსაც 2 წლით პატიმრობა მიესაჯა, საბა ჯიქია — 4.5 წლით, და ანდრო ჭიჭინაძე — 2-დან 2.5 წლამდე პატიმრობა სხვა პირებთან ერთად. ასევე დაფიქსირდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის საბა სხვიტარიძეს საქმე, რომელიც ადვოკატის გარეშე დაკითხვისა და ძალადობის შესახებ მიუთითებს.

ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალი მომიტინგეების მიმართ ძალადობაზე – ისინი ხშირად ხდებოდნენ სექსუალური ძალადობის მუქარისა და დამამცირებელი, მათ შორის სრული გაშიშვლებით ჩხრეკის ობიექტები. მაგალითად, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარია განაცხადა, რომ დაკავებისას ძალადობრივად გააშიშვლეს და არ მისცეს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო მედიკამენტებზე წვდომა.