საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერებმა, ჯორდან ბარდელამ და მარინ ლე პენმა, რუსეთის მხრიდან გახშირებულ ჰიბრიდულ თავდასხმებსა და სხვა პროვოკაციებზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ბარდელასა და ლე პენის განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მცდელობას, საფრანგეთის პოლიტიკაზე პირდაპირი ან ირიბი ზემოქმედება მოახდინოს.
„ჩვენ არასდროს შევეგუებით უცხო ძალის, ამ შემთხვევაში, რუსეთის მცდელობას, პირდაპირ ან ირიბად, დაშინების, მუქარის, დესტაბილიზაციისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე და განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედებები საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ომის მიზნების მიღწევაში ხელის შეწყობის მიზეზი ვერ გახდება.
ბარდელამ და ლე პენმა ასევე გააკრიტიკეს რუსეთის გადაწყვეტილება ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე კომპანიის აქტივების ხელში ჩაგდების შესახებ. მათ შორის, საუბარია ფრანგულ საცალო ვაჭრობის კომპანია Auchan-სა და შვეიცარიულ კომპანია Nestle-ზე.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერების შეფასებით, ეს „საფრანგეთისა და ევროპის ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებაა“.
განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. შეხვედრაზე საფრანგეთის პოლიტიკური ძალების ლიდერებს, მათ შორის ჯორდან ბარდელას, რუსეთის ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.