განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სკოლის შენობის ავარიულ მდგომარეობასთან და სასწავლო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

რამდენიმე დღის წინ მშობლები და პედაგოგები სკოლის დახურვასა და სწავლის პროცესის შეწყვეტას აპროტესტებდნენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა და სკოლის შენობის მდგომარეობის დამატებითი შეფასება შემჭიდროებულ ვადებში მოითხოვა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოსწავლეების დროებით ალტერნატიულ სივრცეში გადაყვანის საკითხი. თამარ მახარაშვილის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მშობლებსა და მასწავლებლებს დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზეს.

ამასთან, სამინისტრო შესაბამისი ფართის მოძიებაზე მუშაობას აგრძელებს.

მომავალი კვირის ბოლოს დაგეგმილია კიდევ ერთი გაფართოებული შეხვედრა, სადაც მხარეები არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე იმსჯელებენ.