საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი ბოლო განცხადება პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. მისი თქმით, საქართველო „გზაგასაყარზე დგას“ და უახლოეს პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, გააგრძელებს თუ არა ქვეყანა ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეგტაზეთი“ ავრცელებს.
ელჩის განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები „არაკორექტულია“ და „პოლიტიკური ცინიზმის მაგალითს წარმოადგენს“. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ისტორიის შეფასება და ქართველი ხალხის სახელით საუბარი დიპლომატიური ფორმატისთვის შეუსაბამოა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე აღნიშნა, რომ ელჩის სიტყვებში „მუქარის ელემენტები“ იკვეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებასა და ეკონომიკურ სირთულეებზე. მსგავსი პოზიცია გამოხატეს კახა კალაძე და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საკუთარ პოლიტიკურ კურსს დამოუკიდებლად განსაზღვრავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ასევე მიუთითეს, რომ ელჩის განცხადებები შეიძლება აღქმული იქნას, როგორც არადიპლომატიური და არამეგობრული. მათი შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობას.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან ასახავს ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობაზე შეშფოთებას. მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა იწვევს შიდა დაპირისპირებას და აფერხებს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ ელჩის განცხადება არ წარმოადგენს მუქარას, არამედ პოლიტიკურ შეფასებას ქვეყნის განვითარების შესაძლო სცენარებზე. მათი აზრით, ევროკავშირთან დაახლოება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სარგებელს უკავშირდება, ხოლო ამ პროცესის შეფერხებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოიტანოს.
,,არანაირი მუქარა არ არის, პოლიტიკური ფაქტის კონსტატაციაა. თუ საქართველო იქნება მოშორებული ევროპისგან, ეკონომიკურად ჩვენს ქვეყანას უდიდესი პრობლემები შეექმნება და ამიტომაც, როგორც ინსტიტუციურად, ისე ეკონომიკურად, სამწუხაროდ, დავბრუნდებით 90-იან წლებში. ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. ჰერჩინსკი საქართველოს მეგობარია და ტყუილს ვერ იტყვის,”- ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.