უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს უსაფრთხოების საკითხებს და არ უნდა დატოვოს მხარდაჭერის გარეშე ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლის რისკის წინაშე დგანან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენსკის თქმით, მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს სულ უფრო ღიად აკეთებს. მისი თქმით, აუცილებელია უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერება, თანამედროვე თავდაცვითი წარმოების განვითარება და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია. „არავინ უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთზე და არ უნდა აძლევდეს მას საკუთარი ხალხის შანტაჟისთვის საჭირო ბერკეტებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპისა და, განსაკუთრებით, ევროკავშირის პოზიცია აღნიშნულ საკითხებში პრინციპული, ძლიერი და დროული იქნება. „არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს. საჭიროა სომხეთის მხარდაჭერა, მოლდოვის მხარდაჭერა, ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერა, აზერბაიჯანის მხარდაჭერა. უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა. არავინ უნდა დავკარგოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო. მისივე თქმით, რუსეთს სურს, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში დარჩენის ან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმი სწრაფად ჩატარდეს.