საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ნიკა მელია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მის მიმართ დიდი იმედები ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ იმედგაცრუებული დარჩა.

სააკაშვილის თქმით, წლების განმავლობაში არაერთ ადამიანს დაეხმარა პოლიტიკური და პროფესიული კარიერის შექმნაში როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, თუმცა, მისი შეფასებით, იყვნენ ისეთებიც, რომელთა მიმართ გაწეული ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

„არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასეთი იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი. სამწუხაროდ, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამ გავუტარე და ყველანაირად ვუჭერდი მხარს“, – წერს სააკაშვილი.

მისი განცხადებით, საბოლოოდ მელია „იმავე ჭაობში აღმოჩნდა, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, გიგა ბოკერია და ზოგი სხვაც“.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მელიას მიმართ პირადი წყენა არ გააჩნია და მას თავისუფლებასა და ოჯახთან დაბრუნებას უსურვებს.

„გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია სინანულის გამოთქმის გარდა. ერთადერთი, რასაც მთელი გულით ვისურვებ, არის ის, რომ ნიკანორი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს მის ოჯახს“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილი მწვავედ გააკრიტიკა. მელიას განცხადებით, „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია“, ხოლო მისი აზრით, სააკაშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს პირადი ამბიციები და ეჭვიანობა განაპირობებს.

მელია ასევე ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მხრიდან მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ხელისუფლებასთან შესაძლო გარიგების შესახებ არსებული კითხვების გადაფარვას ემსახურება.