სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის მიერ სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები მოსახლეობაში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ უარყოფით განწყობებს აძლიერებს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა დახმარებისა და სუბსიდირების პროგრამებს აამოქმედებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რუსეთის გადაწყვეტილების შედეგად დაზარალდნენ. მისი განცხადებით, ხელისუფლება მწარმოებლებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაშიც დაეხმარება.

პრემიერის განმარტებით, თუ ექსპორტისთვის შექმნილი ბარიერები პროდუქციის ხარისხთან არ არის დაკავშირებული, სახელმწიფო შესაბამის მხარდაჭერას გაუწევს კომპანიებს, რათა ეკონომიკაში ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი უკვე აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციაზე და რამდენიმე ბიზნესდელეგაცია სხვადასხვა ქვეყანაში ახალი სავაჭრო შესაძლებლობების მოსაძიებლად გაემგზავრა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მიღებულია კონკრეტული შეთავაზებები სომხური ყვავილების, ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, რუსულმა უწყებამ „როსსელხოზნადზორმა“ 2 ივნისიდან სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები აამოქმედა. აკრძალვა ეხება ალუბალს, ბალს, გარგარს, ქლიავს, ატამსა და ყურძენს.