დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება. „ოპოზიციის ალიანსის“ ინფორმაციით, შეკრება ერთობლივი კამპანიის დასაწყისი იქნება, რომლის მიზანიც 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქციის ორგანიზებაა.

აქციას სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პროტესტის ახალი ტალღა, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, დღეს უნდა დაიწყოს, ეტაპობრივად გაფართოვდეს და 28 ნოემბერს, მისივე შეფასებით, უმსხვილეს აქციამდე მივიდეს.

გვარამიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაგეგმილ შეკრებაში ბევრი ადამიანი მონაწილეობდეს. ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საფრთხემ ოპოზიცია კი არ უნდა შეაჩეროს, არამედ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს.

„პარტიებს აკრძალავენ, ხალხს აკრძალავენ, ამომრჩეველს აკრძალავენ, მაგრამ ჩვენ არა თუ უნდა დავრჩეთ, არამედ გავძლიერდეთ! მხოლოდ კი არ უნდა გავუძლოთ და ფენიქსივით კი არ უნდა აღვდგეთ ფერფლიდან, ჰიდრასავით ახალი თავები უნდა ამოგვივიდეს, მეტნი გავხდეთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ! გაძლება აღარაა საკმარისი შედეგი, გაძლიერებაა საჭირო!“ – წერს გვარამია.

მისივე განცხადებით, დღევანდელი აქცია პროტესტის ახალი ეტაპის დასაწყისი უნდა იყოს, რომელიც მომდევნო კვირების განმავლობაში გაფართოვდება.