რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 1 600 მართვადი საავიაციო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, და თითქმის 2 300 თავდასხმითი დრონი გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში თითქმის ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, გასულ ღამეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებულ იერიშებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. ვინიცაში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
ზელენსკის ცნობით, ხარკოვში რუსეთის ძალებმა თავდაპირველად სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტს შეუტიეს, შემდეგ კი დარტყმა ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებს მიაყენეს, რის შედეგადაც მაშველები დაშავდნენ.
მისივე ინფორმაციით, ღამით თავდასხმების სამიზნე ასევე გახდა თბოელექტროსადგური, ელექტრო ქვესადგურები, მარცვლეულის საცავები, სავაჭრო ცენტრები და საფოსტო-ლოგისტიკური ცენტრი. ნგრევა და დაზიანებები უკრაინის ცხრა რეგიონში დაფიქსირდა.
უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად, აუცილებელია იმ ძალების მხარდაჭერის შენარჩუნება, რომლებიც უკრაინის მოსახლეობას იცავენ.
„აი, როგორ პასუხობს რუსეთი დიპლომატიასა და დეიზოლაციას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად არ შემცირდეს მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც ადამიანთა სიცოცხლეს იცავს. აუცილებელია ევროპის ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდების განბლოკვა. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერა, რათა თავი დავიცვათ რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედებისგან“. თავდაცვის თითოეული ასეთი პაკეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სიცოცხლეების გადარჩენას უწყობს ხელს“, – წერს ზელენსკი.