პორტუგალიის პოლიციამ კვირას, გამთენიისას, ლისაბონის ცენტრში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო მოწყობილი საპროტესტო ბანაკი დაშალა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, შეტაკებისას კი მსუბუქი დაზიანებებიც დაფიქსირდა. დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბანაკის დასაშლელად პოლიციამ როსიოს მოედანზე ღამის 2 საათის შემდეგ იმოქმედა. ოპერაციაში ათეულობით სამართალდამცველი მონაწილეობდა, მათ შორის პოლიციის ძაღლებით. მანამდე დემონსტრანტებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს და წინააღმდეგობის შემთხვევაში მათი დაშლითა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაემუქრნენ.

აქციის მონაწილეებმა კარვები შაბათს გამართული მსვლელობის შემდეგ გაშალეს. საპროტესტო მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, ბანაკში კი 100-ზე მეტი კარავი იყო განთავსებული. კვირას, პოლიციის მოქმედების დაწყებამდე, ბანაკის დასაცავად ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მსგავსი ბანაკი პოლიციამ იმავე მოედანზე სამშაბათსაც დაშალა.

პოლიციის ქმედება არაპროპორციულად შეაფასა მემარცხენე ბლოკის დეპუტატმა ფაბიან ფიგეირედუმ, რომელიც ბანაკში იმყოფებოდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილი და საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ.

ცნობისთვის, პორტუგალია საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ მწვავე კრიზისს ებრძვის. 2017 წლის შემდეგ უძრავი ქონების ფასები ქვეყანაში გაორმაგდა, ხოლო ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირა თითქმის ორჯერ გაიზარდა. პრობლემის ყველაზე მეტად დაზარალებულ ჯგუფებს შორის ახალგაზრდებიც არიან.

პორტუგალიის ცენტრალური ბანკის შეფასებით, ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების დეფიციტი დაახლოებით 300 000 ერთეულს შეადგენს – ეს რაოდენობა ლისაბონის მთელ საცხოვრებელ ფონდს უტოლდება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მთავრობამ უარი თქვას კანონპროექტზე, რომელიც გამოსახლების პროცედურების გამარტივებასა და ახალი საიჯარო ხელშეკრულებებისთვის ქირის ზედა ზღვრის გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტმა პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გაიარა. ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგამ“ კენჭისყრაში თავი შეიკავა.

დემონსტრანტების განცხადებით, საცხოვრებლის გაძვირება და ცხოვრების ხარჯების ზრდა ოჯახებს ფინანსურ წნეხში აქცევს, ხოლო საცხოვრებლის საკითხი ქვეყანაში უკმაყოფილების სულ უფრო მნიშვნელოვან წყაროდ იქცევა.