რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპაში მიმდინარე არეულობის ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულება ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტესა და პასუხისმგებლობის აღების უუნარობაზე მიუთითებს.
„ეს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელის სისუსტესა და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების უუნარობაზე მეტყველებს. ეს მათთვის ცუდია, რადგან მომხდარის გაანალიზებისა და მიზეზების ძიების ნაცვლად, პასუხისმგებლობას სხვას აკისრებენ, ჯერ შეერთებულ შტატებს, ახლა კი რუსეთს“, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან საუბრისას.
რუსეთის ლიდერის თქმით, მას გაუკვირდა, როდესაც ევროპაში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში თავდაპირველად შეერთებული შტატები დაადანაშაულეს. პუტინის განცხადებით, არ ელოდა, რომ ევროპელები თავიანთ მთავარ მოკავშირეს დაუპირისპირდებოდნენ.
ევროპის ქალაქებში არეულობის პროვოცირებაში რუსეთის დადანაშაულებას პუტინმა „აშკარა გადაჭარბება“ უწოდა. მისი მტკიცებით, ეს ევროპელი მოქალაქეებისთვისაც ნათელია.
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. პარიზის გარეუბნებში საშუალო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. აქციები საფრანგეთის სხვა რეგიონებსა და ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა.
17 და 18 ოქტომბერს საპროტესტო აქციები იტალიის რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა. ყველაზე მასშტაბური არეულობა, ძარცვისა და ვანდალიზმის შემთხვევებით, მილანში დაფიქსირდა. ალბანეთში დემონსტრანტების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვდა. რამამ აქციის მონაწილეები ქუჩებში ძალადობის გამო გააკრიტიკა და თანამდებობის დატოვებაზე უარი თქვა.
24 ოქტომბერს მასშტაბური საპროტესტო აქციები კვლავ გაიმართა საფრანგეთში, იტალიასა და ალბანეთში. დემონსტრაციები ასევე ჩატარდა ბელგიასა და ესპანეთში.
წყარო: РИА Новости