რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში მარკეტპლეის Wildberries-ის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრზე წუხელ დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram-არხებზე გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ქალაქში სულ მცირე 10 აფეთქების ხმა გაიგონეს. ერთ-ერთი აფეთქების შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ხანძარი გაჩნდა.
მონიტორინგის არხების ინფორმაციით, კოტოვსკში მდებარე Wildberries-ის ობიექტი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია.
ცენტრმა ფუნქციონირება 2025 წელს დაიწყო. არსებული გეგმის მიხედვით, ობიექტის სრულად ამოქმედების შემდეგ, მას დაახლოებით 54 მილიონი ერთეული საქონლის შენახვა უნდა შეძლებოდა.
თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.