სომხეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის შვილს, სედრაკ ქოჩარიანს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, – ინფორმაციას სომხური მედია მის ადვოკატ ალექსანდრ კოჩუბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ გამოძიების მოთხოვნა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელებული სხდომის შემდეგ დააკმაყოფილა.

„სედრაკ ქოჩარიანი ორი თვით დააპატიმრეს – სასამართლომ გამოძიების მოთხოვნა ხუთ საათზე მეტი ხნის სხდომის შემდეგ დააკმაყოფილა“, – განაცხადა კოჩუბაევმა.

მისივე შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის ნაწილია.

ცნობისთვის, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი გუშინ დააკავეს. სომხეთის პროკურატურამ რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებებით.

პროკურატურამ ბრალი კიდევ ცხრა პირს წაუყენა, მათ შორის რობერტ ქოჩარიანის უფროს ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანსა და სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს.

რობერტ ქოჩარიანის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.