ესტონეთის ზოგიერთ ნაწილში ღამით საჰაერო განგაში გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დრონები ქვეყნის საზღვარს მიუახლოვდნენ და ესტონეთის საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, საპასუხოდ, ამარის საჰაერო ბაზიდან ნატო-ს მოიერიშე თვითმფრინავები აფრინდნენ.
„მოგვიანებით, ესტონეთის თავდაცვის ძალებმა საჰაერო განგაში გააუქმა. ნატო-მ სწრაფად და ზუსტად ისე მოახდინა რეაგირება, როგორც დაგეგმილი იყო. ალიანსი ფხიზლადაა და მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია“, – წერს ცაჰკნა.
მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია და კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, რათა მან აგრესია შეწყვიტოს.