რუსეთის ფინანსთა მინისტრის მიღების სიგნალი ჩემთვის გამაღიზიანებელია, რადგან სინამდვილეში მერჩივნა, ამერიკული მხრიდან ცხადი ყოფილიყო, რომ ის აქ ჩვეულებრივი სტუმრის მსგავსად არ უნდა მიეღოთ, – ასე ეხმაურება გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბეილი ჩრდილოეთ კაროლინაში, აშშ-ის მასპინძლობით გამართულ „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის გამოჩენას.

„ეს არის რეჟიმი, რომელიც ხუთი წელია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ აგრესიას აწარმოებს. ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან. ახლახან თავდასხმების კიდევ ერთი გამწვავება ვიხილეთ და უბრალოდ შეუძლებელია, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე“, – აღნიშნა ვიცე-კანცლერმა.

მისი თქმით, ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება.

„აბსოლუტურად ვერ ვხედავ სიტუაციის ნორმალიზებას ან შემსუბუქებას. რუსეთია პასუხისმგებელი ამ ომის დასრულებაზე და ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება – და არა რუსეთსა და უკრაინას ერთად“, – აღნიშნა ლარს კლინგბეილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ეშვილში, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში შეხვდა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ბესენტმა რუს კოლეგასთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილა.