ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკისას ცოტა ხნის წინ დააკავეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო.
მანამდე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედება თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილშიც ჩაატარა. შსს-ში განაცხადეს, რომ მისი ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, იაკო კვანტალიანის განცხადებით, ის სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოპერაციის დროს ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს.
კვანტალიანი ელიზბარაშვილის ბინის ჩხრეკას ესწრებოდა და პროცესს „ფეისბუქ-ლაივით“ აშუქებდა. მისი თქმით, ბინაში უამრავი სამართალდამცველი შევიდა და მას გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. ამის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.
„გარეთ გამომაგდეს, კარი გადამიკეტეს, ტელეფონი დამაგდებინეს, მერე წამაქციეს, წიხლებით შემდგა ხუთი პოლიციელი ერთად. ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა. ღვიძლში მირტყეს წიხლები. წიხლებით გამიგდო ხუთმა კაცმა ერთად, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხო, ესენი კრიმინალები არიან თუ ვინ არიან? რა დრო არ გამოვიარეთ, ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც ადვოკატი ვარ. ასეთი რამ არასდროს მინახავს, ადვოკატს წიხლებს ურტყამენ, ეს რა ხდება ხალხო? რომელო დაცვაზეა ლაპარაკი, შუა დაცვის დროს გამომაგდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.