აზერბაიჯანის გორანბოის რაიონში, სოფელ ნიზამის მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ძალებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გორანბოის რაიონის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, საჭირო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.

„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლები ევაკუირებულები არიან. არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია უწყებების ერთობლივ განცხადებაში.