რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმების მომზადება და განხორციელება დაევალათ.

„რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასობრივი დარტყმების მომზადება და განხორციელება. ისინი ჩვენს ობიექტებს ურტყამენ და პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინა კვლავ ახორციელებს თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამოქალაქო ობიექტებზე.

პუტინის განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდნენ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება, სახელმწიფო ტერორიზმთან დაკავშირებული განცხადება უწოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მე ასეთი განცხადებები არ მსმენია, მაგრამ თუ ისინი ხმამაღლა გაკეთდა, მაშინ ეს უბრალოდ განაცხადია სახელმწიფო ტერორიზმზე“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე მთლიანად სახიფათო ხდება და ამის გათვალისწინება ყველა ავიაკომპანიასა და დამზღვევს მოუწევს.

“დღეს გვსურს, ყველა ავიაკომპანია გავაფრთხილოთ, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა დამზღვევი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ იყენებს საკვანძო რუსულ აეროპორტებს: რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება. უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთი – არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება, და ამის გათვალისწინებაა საჭირო. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, მაგრამ რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს”, – განაცხადა ზელენსკიმ.