უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან თანამშრომლობით, რუსული ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავდასხმის დაგეგმვის უკან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იდგა.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ერთად, ტერაქტი აღკვეთა, რომელსაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური რუსული ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ გეგმავდა“, – აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უწყებას რუსი ოპოზიციონერის ვინაობა არ დაუსახელებია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამჟამად გრძელდება.