რუსებმა კიევში რკინიგზის დეპოსა და რკინიგზის სხვა ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებიდან ექვსი „უკრზალიზნიცის“ თანამშრომლები არიან.

„ბალისტიკური რაკეტის დარტყმას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან ექვსი ჩვენი თანამშრომელი იყო. ერთი კოლეგა დაშავებულია საავადმყოფოში – ჩვენი ხალხი ახლოსაა და ყველა საჭირო დახმარებას უწევს“, – განაცხადა „უკრზალიზნიცის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ პეცოვსკიმ.

„უკრზალიზნიცის“ ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.