კიევი ღამით ხმაურიანმა აფეთქებებმა შეძრა. რუსული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების სამიზნე საცხოვრებელი ადგილები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა იყო – სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს და სხვა ბოლოდროინდელი თავდასხმები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ავლენს რეალიზმის ან გულწრფელი სურვილის ნიშნებს, დაასრულოს ომი, „რომელსაც ვერ და ვერასდროს მოიგებს“.
„ამის ნაცვლად, ის აგრძელებს ტერორის ესკალაციას. უკრაინა მზადაა დაასრულოს ომი, ბრძოლის ველზე არსებული რეალობისა და სამართლიანი პირობების საფუძველზე, ულტიმატუმების ნაცვლად. პრეზიდენტი ნეიტრალურ ადგილას წინაპირობების გარეშე შესახვედრად, რათა იპოვოს რეალისტური გადაწყვეტილებები, შეაჩეროს მკვლელობები და გადავიდეს დიპლომატიურ გზაზე. თუმცა, პუტინი კვლავ ემალება ასეთ შეხვედრას“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს.
„მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, უარი თქვან პუტინის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ოცნებებზე: ის კვლავ უარყოფს სამართლიან სამშვიდობო წინადადებებს. ამის ნაცვლად, ის ფსონს დებს უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკურ ტერორზე, ასევე შეერთებულ შტატებსა და მთელ ევროპაში მომავალ არჩევნებზე, იმ იმედით, რომ მათ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, გაამწვავებს შიდა დაპირისპირებებს და დასავლეთის ერთიანობის დესტაბილიზაციას მოახდენს. მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს. მაშინ, როცა უკრაინა ზრდის ზეწოლას ბრძოლის ველზე, ველით, რომ ჩვენი პარტნიორები გაზრდიან ეკონომიკურ ზეწოლას მოსკოვზე და გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ენერგეტიკულ მდგრადობას ზამთრის წინ“, – აცხადებს სიბიგა.
მისი თქმით, ამ კონტექსტში, საჭიროა რუსეთის ბალისტიკური წარმოების წინააღმდეგ მიმართული ანტიბალისტიკური სანქციების სწრაფი მიღება, რუსეთის გაყინული აქტივების სრული გამოყენების მიმართულებით მუშაობის განახლება და სხვა სასანქციო ნაბიჯები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.