რუსულმა ძალებმა უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვებ პუნქტ „ორლოვკაზე“ დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვებ პუნქტ „ორლოვკაზე“ თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შემდეგ „ორლოვკას“ გამშვებმა პუნქტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.

„თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მაშველებმა შეძლეს“, – აცხადებს უკრაინის სასაზღვრო სამსახური.

ამასთან, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოდესის ოლქში რუსეთის იერიშების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ. მოგვიანებით, უწყებაში აღნიშნეს, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.