პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ მათგან 58 000 ლარი აიღო. თუმცა, დაპირებული მომსახურება არ გაუწევია და თანხა თაღლითურად მიითვისა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.
დაზარალებულთა მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდგომ, ბრალდებულმა დაამზადა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი და აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით შეეცადა დაზარალებულთა დარწმუნებას, თითქოს მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.