მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის საპარლამენტო არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების 38.2%-ით პირველ ადგილზე გავიდა. ამის შესახებ Deutsche Welle საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება.

საარჩევნო კომისიის მიერ დილით გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, კვირას ჩატარებულ არჩევნებში მეორე შედეგი „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) აჩვენა, რომელმაც ხმების 35.5% მიიღო. პარტიას მხარის პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობს.

მხარის პარლამენტში ადგილების მოპოვება, წინასწარი შედეგებით, კიდევ ორმა პარტიამ შეძლო. „მემარცხენე პარტიამ“ ხმების 6.5%, ხოლო „მწვანეთა პარტიამ“ 5.7% მიიღო.

პარლამენტში ვერ მოხვდა კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU). Deutsche Welle-ს ცნობით, პარტიამ 4.9% დააგროვა.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ახალ პარლამენტში AfD 32 მანდატს მიიღებს, SPD – 29-ს, „მემარცხენე პარტია“ და „მწვანეები“ კი ხუთ-ხუთ მანდატს.

რაც შეეხება ბერლინს, იქ წინასწარი შედეგებით „მემარცხენე პარტია“ 25.3%-ით ლიდერობს. „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ 19% მიიღო, AfD-მ – 16%, ხოლო SPD-მ – 12.1%.

გერმანიის სხვა მხარეებში წელს გამართულ არჩევნებში სხვადასხვა პარტიამ გაიმარჯვა. მარტში ბადენ-ვიურტემბერგის არჩევნებში პირველი ადგილი „მწვანეთა“ პარტიამ დაიკავა, რაინლანდ-პფალცში კი გამარჯვება „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ მოიპოვა. 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში კი გამარჯვება AfD-მ მოიპოვა.