საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ელისაშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იგი ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, ტერორისტული აქტი სპეციალური მიზნით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს და „ტერორისტული მიზანი“ მისი აუცილებელი შემადგენელი ელემენტია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი სასამართლო განხილვისას სათანადოდ უნდა იყოს გამოკვლეული, დასაბუთებული და არგუმენტირებული.

სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სათანადო ყურადღება არ დაეთმო სპეციალური განზრახვის, მათ შორის ტერორისტული მიზნის, დადგენას. აპარატის განცხადებით, ეს მიზანი სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.

Amicus Curiae-ში სახალხო დამცველმა განიხილა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი სამეცნიერო და სხვა ნაშრომები. ყურადღება გამახვილებულია სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტებზე, ტერორისტულ დანაშაულებში სპეციალური განზრახვის განსაზღვრის მნიშვნელობასა და მოტივისა და მიზნის გამიჯვნაზე.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მისი მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს დაეხმარება სამართლებრივი საკითხების შეფასებაში და დანაშაულისა და მისი შემადგენელი ელემენტების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად განხილვაში.