რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას განცხადებით, სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 5%-იან საარჩევნო ბარიერს ოთხი პოლიტიკური პარტია გადალახავს.

პამფილოვას ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ აქვს – 57.83%. მას მოჰყვებიან „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“ 13.81%-ით, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ 8.97%-ით და „ახალი ხალხი“ 7.96%-ით.

მისივე თქმით, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას კვლავ ინარჩუნებს პარტია „სამართლიანი რუსეთი“.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ 225 ოლქიდან 208-ში ლიდერობს. ხუთ ოლქში პირველ პოზიციაზე „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის“ კანდიდატები არიან, ოთხში – „სამართლიანი რუსეთის“, ორ ოლქში კი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატები.

ერთმანდატიან ოლქებში თითო შემთხვევაში ლიდერობენ პარტია „როდინას“ კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატები ოთხ ოლქში.

პამფილოვას მიერ წარმოდგენილი წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ერთიან რუსეთს“ პარლამენტში 355 ადგილი აქვს მოპოვებული, „რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას“ – 40, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას“ – 25, „ახალ ხალხს“ – 20, ხოლო „სამართლიან რუსეთს“ – 4 ადგილი.