საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში მსვლელობები აკრძალა. პარიზის პოლიციის უფროსის, გადაწყვეტილებით, ასევე აიკრძალა დემონსტრაციები პრეზიდენტის სასახლის, პრემიერ-მინისტრის ოფისის, შანზ-ელიზეს გამზირის მიმდებარე ტერიტორიებსა და დედაქალაქის სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია საფრანგეთის მასშტაბით დღეს დაგეგმილი 600-ზე მეტი დემონსტრაციის შესახებ. ამასთან, მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამართალდამცველებს დემონსტრაციების დროს ხმოვანი ყუმბარების გამოყენების უფლება მისცა, თუ ვითარება განსაკუთრებით მძიმე ძალადობაში გადაიზრდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. დღეს დაგეგმილ დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, პროფკავშირების წარმომადგენლები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები.