პარასკევის ვაჭრობისას აშშ-ის საფონდო ბაზრის ძირითადი ინდექსები შემცირდა. ტექნოლოგიურ სექტორზე ზეწოლა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ გააძლიერა, ნავთობის ფასის ზრდამ კი ინვესტორებს სიფრთხილისკენ უბიძგა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის, S&P 500 ინდექსი 1,22%-ით, 7 649,71 პუნქტამდე იყო შემცირებული. Nasdaq-მა 2,19% დაკარგა და 26 128,13 პუნქტს მიაღწია, Dow Jones კი 0,55%-ით, 51 891,77 პუნქტამდე დაეცა.
Nasdaq კვირის განმავლობაში დაგროვილი მონაცემები 4%-ზე მეტი დანაკარგისკენ გადაიხარა. ინვესტორები შიშობენ, რომ დიდი ვალის მქონე AI-ინფრასტრუქტურულმა კომპანიებმა შესაძლოა ვალდებულებების დასაფარად საკმარისი მოგების მიღება დროულად ვერ შეძლონ. რისკს სესხების მოსალოდნელი გაძვირებაც ზრდის.
Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი მონაცემთა ცენტრების ოპერატორის, CoreWeave-ის აქციები 12%-ით დაეცა, ბოლო ხუთ სავაჭრო სესიაზე კი ჯამურმა დანაკარგმა დაახლოებით 25% შეადგინა. ამ კვირაში მკვეთრად გაიყიდა კომპანიის ობლიგაციებიც, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა 15%-ს გადასცდა.
Broadcom-ის აქციები 3,6%-ით გაიაფდა, ნახევარგამტარების სექტორის PHLX ინდექსი კი 2,5%-ით შემცირდა და ზედიზედ მერვე დღიური ვარდნისკენ დაიძრა.
AI-სექტორის დაფინანსების მიმართ კითხვები Anthropic-ის შესაძლო შეფასებამაც გააჩინა. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის ზოგიერთი მოქმედი და პოტენციური ინვესტორი აქციების დაგეგმილი პირველადი საჯარო შეთავაზებისას – IPO-ს დროს – უფრო დაბალ შეფასებას განიხილავს.
პარალელურად, ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების შიშის ფონზე, ნავთობი 3%-ზე მეტით გაძვირდა. U.S. Bank Wealth Management-ის უფროსი საინვესტიციო სტრატეგის, რობ ჰავორთის შეფასებით, ძვირი ნავთობი აქციების შეფასებაზე ზეწოლას ახდენს და ინვესტორები უქმეების წინ დამატებითი რისკის აღებას ერიდებიან.
საბაზრო განწყობაზე ინფლაციის მონაცემებიც მოქმედებს. ამ კვირაში გამოქვეყნებულმა სამომხმარებლო და მწარმოებელთა ფასების მოსალოდნელზე მაღალმა მაჩვენებლებმა აჩვენა, რომ ფასების ზრდა ენერგორესურსების ფარგლებს სცდება.
ბაზარი სულ უფრო მეტად ელის, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე თვეში საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად დატოვებს. Barclays-ის პროგნოზით კი, დეკემბერსა და იანვარში განაკვეთი თითო ჯერზე 0,25 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.
მომდევნო კვირაში ინვესტორების ყურადღება მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებზე გადაინაცვლებს – ანგარიშებს Tesla, Meta Platforms და Procter & Gamble გამოაქვეყნებენ. LSEG-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები S&P 500-ში შემავალი კომპანიების კვარტალური მოგების 30%-ზე მეტ ზრდას ელიან, ძირითადად ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უმსხვილესი კომპანიების ხარჯზე.
მიუხედავად მიმდინარე ვარდნისა, S&P 500 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 12%-ით არის გაზრდილი. თუმცა მატების დიდი ნაწილი AI-სექტორის ტექნოლოგიურ აქციებზე მოდის, ინდექსში შემავალი დაახლოებით 185 კომპანიის აქციები კი 2026 წელს გაიაფდა.
წყარო: Reuters