ირანის არმიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქ ბენდარ-აბასის თავზე ამერიკული Lucas-ის ტიპის დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას ირანული გამოცემა Tasnim-ი ავრცელებს.
გამოცემა Anadolu ირანის სამხედრო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ დრონი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.
ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო დარტყმების შესაძლებლობაზე საუბრობს.
ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანის ხელახლა დაბომბვას არ გამორიცხავს და ეს შესაძლოა უახლოეს მომავალშიც მოხდეს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასაც განიხილავს.
„ამაზე ვფიქრობთ და შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ. მართლა გგონიათ, რომ გეტყვით, ვაპირებ თუ არა ამის გაკეთებას? არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანს კიდევ დავბომბავ. ასევე არსებობს იმის ალბათობაც, რომ მივაღწიოთ კარგ, დიდებულ, შესანიშნავ შეთანხმებას. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ პრობლემა ისაა, შეასრულებენ თუ არა ისინი ამ შეთანხმებას“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ არ იღებს და სამხედრო მოქმედების გარდა, დიპლომატიურ გზასაც განიხილავს.
„შეიძლება, მომიწიოს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საბოლოოდ დასრულება. ან იქნებ შეთანხმებას მიაღწიონ. დარწმუნებული არ ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიმარჯვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.