1911 წლის ივლისში შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთს სიცხის ძლიერი ტალღა დაატყდა თავს. ექსტრემალურმა ტემპერატურამ, რომელიც თითქმის ორი კვირა გაგრძელდა, ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შეაფერხა ტრანსპორტის მოძრაობა და ქალაქების მცხოვრებლები ღამის გასათევად პარკებში გაიყვანა. ზოგი ისტორიული შეფასებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა, თუმცა ზუსტ მაჩვენებელზე წყაროები ერთმანეთს არ ემთხვევა.

სიცხის ტალღა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ეპოქაში, როდესაც საცხოვრებელი სახლების კონდიცირება გავრცელებული არ იყო, ელექტროვენტილატორებზე კი ბევრს ხელი არ მიუწვდებოდა. მჭიდროდ დასახლებულ უბნებში პატარა, ცუდად განიავებული ოთახები დღის განმავლობაში ხურდებოდა და ღამითაც ვერ გრილდებოდა.

ნიუ-იორკში ვითარებას მაღალი ტენიანობაც ართულებდა. ადამიანები საკუთარ ბინებს ტოვებდნენ და შვებას ცენტრალურ პარკში, ბატერი-პარკსა და სანაპიროებზე ეძებდნენ.

ბოსტონში დაახლოებით ხუთი ათასმა ადამიანმა ღამე ბოსტონ-კომონის პარკში გაატარა. იქ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს პირდაპირ მიწაზე ეძინათ. პარკს იმდროინდელ აღწერებში „ახალი ინგლისის ყველაზე დიდ საერთო საცხოვრებელსაც“ უწოდებდნენ.

რეკორდული ტემპერატურა და გადატვირთული სანაპიროები

1911 წლის 4 ივლისს ბოსტონში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 40 გრადუსს მიაღწია, ნიუ-ჰემფშირის ქალაქ ნაშუაში კი დაახლოებით 41,1 გრადუსი დაფიქსირდა.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ისტორიული მიმოხილვის თანახმად, სიცხის დაწყებისთანავე მოსახლეობა სანაპიროებს მიაწყდა. 2 ივლისს ბოსტონის მახლობლად მდებარე რევირ-ბიჩზე 150 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

ზოგი მცხოვრები ტრამვაით ან ბორნით მგზავრობდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოძრაობისას ჰაერის ნაკადი ეგრძნო. ქალაქების პარკები კი ათასობით ადამიანისთვის დროებით თავშესაფრად იქცა.

სიცხემ ქალაქების მუშაობაც შეაფერხა

მაღალმა ტემპერატურამ ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურას პრობლემები შეუქმნა. ზოგ ადგილას რკინიგზის ლიანდაგები დეფორმირდა, შეფერხდა მიმოსვლა და ფოსტის მიწოდება, დაიხურა ქარხნები.

ჰარტფორდში ქუჩების კუპრიანი საფარი სიცხისგან რბილდებოდა და გადაადგილებას როგორც ტრანსპორტს, ისე ფეხით მოსიარულეებს ურთულებდა.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ცხენებიც, რომლებსაც იმდროინდელი ქალაქების სატრანსპორტო და სატვირთო მომსახურებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ. ნიუ-იორკიდან გავრცელებული ცნობები ასობით დაღუპულ ცხენზე მიუთითებდა. მათი სხეულების დროულად გატანაც ჭირდა.

სიცხისგან თავის დაცვა განსაკუთრებით რთული იყო მათთვის, ვისაც მუშაობის შეწყვეტის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ღია ცის ქვეშ დასაქმებული მუშები მძიმე პირობებში აგრძელებდნენ შრომას, ხოლო ცუდად განიავებულ საცხოვრებლებში დაბრუნება დასვენების საშუალებასაც ვერ აძლევდათ.

თავის დაღწევის მცდელობები დამატებით საფრთხეს ქმნიდა

მოსახლეობა გაგრილებას მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში ცდილობდა. ისტორიულ მიმოხილვებში დაახლოებით 200 დამხრჩვალია მოხსენიებული, რომლებიც წყალში შვებას ეძებდნენ.

ზოგი ღამის გასათევად სახურავებსა და სახანძრო კიბეებს იყენებდა. ჰარტფორდში 28 წლის იტალიელი ემიგრანტი ჯონ მერლო სახურავზე ძილის დროს გადმოვარდა და დაიღუპა. მსგავსი შემთხვევები აჩვენებს, რომ კატასტროფის შედეგები უშუალოდ გადახურებით გამოწვეული სიკვდილიანობით არ შემოიფარგლებოდა.

ხელისუფლება მოსახლეობის დახმარებას ხელმისაწვდომი საშუალებებით ცდილობდა. ქუჩების გასაგრილებლად ხსნიდნენ სახანძრო ჰიდრანტებს. ჰარტფორდში ადამიანებს უფასო ბორნებითა და ტრამვაით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევდნენ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლუდის მწარმოებელმა კი პარკებისთვის წყლის კასრები გაიღო.

თუმცა ეს ზომები ხანგრძლივი სიცხის შედეგებს სრულად ვერ ამსუბუქებდა.

ივლისის პირველი კვირის ბოლოს ზოგ ადგილას ტემპერატურამ დაიკლო, მაგრამ შვება ხანმოკლე აღმოჩნდა. ნიუ-იორკში მაღალი ტენიანობა რჩებოდა და მსხვერპლის შესახებ ცნობები შედარებით გრილ დღეებშიც ვრცელდებოდა.

ჭექა-ქუხილმა და წვიმამ ყველა დასახლებაში ერთნაირი შედეგი ვერ მოიტანა. ზოგან ავდარმა დამატებითი ზარალი გამოიწვია.

დაახლოებით 13 ივლისისთვის ქარის მიმართულების ცვლილებამ ზღვის გრილ ჰაერს რეგიონში შეღწევის საშუალება მისცა და ხანგრძლივი სიცხე შესუსტდა.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიმოხილვა იმდროინდელი ამინდის ბიუროს შეფასებას იმოწმებს, რომლის მიხედვითაც, ატლანტიკისპირა შტატებში სიცხემ ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სხვა ისტორიულ პუბლიკაციებში ორი ათასზე მეტი დაღუპულიც სახელდება. განსხვავებული დროითი და გეოგრაფიული ფარგლების გამო ერთიანი საბოლოო რიცხვის დასახელება რთულია.

1911 წლის ივლისის ფოტოებზე შემორჩნენ პარკებში მძინარე ოჯახები, ჩრდილში შეფარებული ადამიანები და გაგრილების მომლოდინე ბავშვები – ქალაქების მცხოვრებლები, რომლებისთვისაც გრილი წყალი, ხის ჩრდილი და ღამის ნიავი გადარჩენის მნიშვნელოვან საშუალებებად იქცა.