ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია 2028 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, გზის განახლებისთვის ტენდერი უკვე ჩატარდა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლენილია. სამუშაოები გზის მთელ სიგრძეზე, მათ შორის ადრე რეაბილიტირებულ მონაკვეთებზეც განხორციელდება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, არსებული გზის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ახალი ინფრასტრუქტურა კი ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას.