საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების — „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ — აკრძალვას. აღნიშნული ინფორმაცია საიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში.
საია ხაზს უსვამს, რომ სასამართლოსთვის არსებითია პარტიათა აკრძალვის საკითხის შეფასება მძიმე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. წარმოდგენილი დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის მიმართ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთებასთან ერთად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ისტორიული და პოლიტიკური გარემო, რომელშიც განიხილება პარტიის აკრძალვა. ამ კონტექსტს, საიას შეფასებით, ახასიათებს ძალაუფლების ერთ პარტიაში კონცენტრაცია, დემოკრატიული პლურალიზმის თანდათანობრივი ეროზია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროება, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაცია.
დოკუმენტში განხილულია „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ კონცეფციაც, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული სისტემის შესაძლებლობას, გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები ანტიდემოკრატიული ძალებისგან თვითდასაცავად. აღნიშნული კონცეფცია აზრს ინარჩუნებს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური სისტემა თავად ინარჩუნებს დემოკრატიულ ხასიათს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იწვევს კონცეფციის დეგრადაციას და მის გარდაქმნას პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად.
საია ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიის აკრძალვა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მკაცრ ფორმას და დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს, გამონაკლის შემთხვევებში. აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ორგანიზებული და მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მიმართულია დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ. დაუშვებელია პარტიის პასუხისმგებლობის დაკისრება ცალკეული პირების ინდივიდუალური გამონათქვამების ან ქმედებების საფუძველზე, ისევე როგორც პარტიის აკრძალვა მხოლოდ მისი იდეების არაპოპულარობის ან შეურაცხმყოფელი ხასიათის გამო.