„მიხარია, რომ თქვენ გხედავთ. მართლა გეუბნებით, ახალ წელზე ღრმად ჩასუნთქული ველოდებოდი თქვენი სეზონის განახლებას – მოახერხებენ, არ მოახერხებენ… მადლობა, რომ მოახერხეთ. ახლა უკვე, ამოვისუნთქე… იმდენად კრიტიკული მომენტი იყო. რადგან ახლა გაძელით, ესე იგი გაძლებთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა მინდა ვუსურვო.. რამხელა მხნეობა აქვთ, დიდი ხანია დაამტკიცეს. ამიტომ, ჯანმრთელობა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები გვგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლები გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, მიყვარხართ ყველა.
ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა. სადღაც გვერდით იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე. შემდეგ ესენიც შემოგვიერთდნენ რომეო [მიქაუტაძე] და ჯუ….[ჯუანშერ ბურჭულაძე] შემდეგ ლილუ [გრიგოლ ლილუაშვილი] და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ჩემს მეზობელს, მაინც გული რა არის, თებერვლამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხნით ჩემთან სიახლოვე, რომ ეგრძნო შემომიმეზობლდა აქაც [ირაკლი ღარიბაშვილი]. დიდი ხნით ერთ სივრცეში არ გვაჩერებდნენ, მაგრამ ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გაამაგრებს აქაურობას.
იმ კომისიაზე, პირიქით, რაშიც მთავარი მოწმე ვარ, იქ უნდა მიმოწმონ, თუ რა უნდა მექნა? არ ვიცი. ცინიკურია ყველაფერი. ჩემს მკვლელებთან ერთად აქ რომ ვზივარ, არ არის ცინიკური? ერთი მკვლელი აქ მიზის, დანარჩენები გარეთ არიან და არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, რომ კიდევ სცადონ. ამის გათვალისწინებით ჩემი დღის წესრიგი არც შემდგარა არასდროს და არც შედგება, მართლა გეუბნებით. 37 წელია, რაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ვარ. სულ მქონდა საფრთხე, ან მომკლავდნენ ან დამიჭერდნენ. იგორ გიორგაძიდან დაწყებული, მერე ასლან აბაშიძე, შევარდნაძის ყველა ნათესავი, მინისტრები, არჩემაშვილიც კი მიჭერდა 7 წლით და მერე უკვე პატარკაციშვილი, ბერეზოვსკი, ქურდები, ლუკაშენკო, მერე პუტინი და ფოკუსი იცით რა არის? ამ ყველაფრის მიუხედავად, ვდგავარ თქვენ წინაშე სავსებით ცოცხალი და თავისუფალი. ამიტომ, ახლაც გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, როგორც იყო ყოველთვის,”-ამის შესახებ გივი თარგამაძემ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ის შვიდი თვის განმავლობაში ობობას ელაპარაკებოდა, ახლა ადამიანებს დაელაპარაკება, გაერკვევა, რა და როგორ ხდება და კონსულტაციებში ჩაერთვება. მისი შეფასებით,რეჟიმი ბევრად მოწყვლადია.
“ვინაიდან წლების განმავლობაში მქონდა შანსი, რომ რუსულ ან ბელორუსულ ციხეში მოვხვედრილიყავი, ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. აქაურობა შედარება არ არის. ამიტომ ყველაფერი ვქენი იმისთვის, რომ ფიზიკურად და მორალურადაც უკეთესს ფორმაში ვყოფილიყავი.
არც ერთ პარტიულ ლიდერშიფს არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციებში ჩავერთვები და ჩემს იდეებს მივაწვდი. შვიდი თვე ობობას ველაპარაკებოდი. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი, ზუსტად რა და როგორ ხდება.
პატიმრობა თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასია. მარტივი არ არის, რთულია – ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიც არის. საბედნიეროდ, ეს ფასი, რასაც ახლა ვიხდით, გამოუსწორებელი არ არის. 1-წლიანი, 2-წლიანი თუ რამდენიმე თვიანი პატიმრობა არის ფასი. ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება. თუ ახლა გაჩერდები, ეს ფასი ავტომატურად მაშინვე აიწევს და იმ ნიშნულზე აიწევს, რასაც ირანსა და უკრაინაში ვაკვირდებით. რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, ეს ფასი გადასახდელია. რაღაცა საფრთხეების გამო არ ბრძოლა, არის მარცხი და ახლა იმ მდგომარეობაში არა ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად,”-განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის – კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო შეუფარდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2-წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.