დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ მედია ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ რეკლამის განთავსებისა და შესაძლო ფინანსური ნაკადების გადაადგილების საკითხი აქტუალური გახადა. აღნიშნულ თემაზე შეფასებები გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა რომან გოცირიძემ „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ ეთერში.

გოცირიძის განცხადებით:  ”ხელისუფლებასთან აფილირებულმა სახელმწიფო კომპანიებმა შესაძლოა რეკლამები შემოვლითი გზით, ახლად შექმნილი კომპანიების მეშვეობით განათავსონ, თუმცა საბოლოოდ მათი ეთერში განთავსება თვალსაჩინო იქნება”.  მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეკლამები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა, შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს რეაგირების ვალდებულება ექნება.

მისივე შეფასებით, თუ ეროვნული ბანკი აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას არ მოახდენს, შესაძლოა დადგეს მეორადი სანქციების გავრცელების საკითხი, რაც, მისი განცხადებით, მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

რომან გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება კერძო კომპანიებისთვისაც რისკებთან იქნება დაკავშირებული. მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ასეთ შემთხვევაში კომპანიები თავად აღმოჩნდნენ მეორადი სანქციების მოქმედების არეალში.

გოცირიძემ ასევე შეაფასა ტელეკომპანია „იმედის“ ფინანსური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ, მისი მოსაზრებით, მაუწყებლის ფინანსური მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მომავალში შესაძლოა მაუწყებლის პორტირება განხორციელდეს სხვა ტელეკომპანიაში, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში ან „რუსთავი 2“-ში.