რა ვიცით ამ დრომდე ირანში მიმდინარე საომარ მოვლენებზე
- ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი იერიში ირანზე – რეგიონში დარტყმების ტალღა.
- ირანის საპასუხო იერიშები არაბულ ქვეყნებზე – კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი და სხვები.
- გეოპოლიტიკური პასუხი: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი და საუდის არაბეთი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
- გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას მართავს.
- უნგრეთი ენერგეტიკულ რისკებზე მიუთითებს და რუსული ნავთობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
დუბაი და ქუვეითი – სამიზნე ობიექტები ახლო აღმოსავლეთის ცენტრში
Reuters-ის ცნობით, დუბაის პალმ-აილენდის საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდნილმა რაკეტამ აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. პარალელურად, ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ რამდენიმე ადამიანი დააზიანა. აფეთქებების ხმა ასევე დოჰაშიც გაისმა. კატარმა კი, რომლის ტერიტორიაც რაკეტებით დაიბომბა, ოფიციალურად გააკეთა განცხადება: ქვეყნის საგარეო უწყებამ თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ინარჩუნებს უფლებას, უპასუხოს აგრესიას.
აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი იერიში ირანზე
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა ირანზე განხორციელებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შემდეგ. საუბრის დეტალები ამ დრომდე გუცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თავდასხმების მიზანი ირანში განლაგებული სტრატეგიული ობიექტები იყო.
დიდი ბრიტანეთი – სამხედრო მზადყოფნა და მოწოდება დეესკალაციისკენ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანული თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში მათი მოქალაქეების, ინტერესებისა და მოკავშირეების დასაცავად მოქმედებენ. სტარმერმა დაგმო ირანის საპასუხო დარტყმები და მოუწოდა თეირანს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას. მისი თქმით, “ირანს შეუძლია, ახლავე შეწყვიტოს ეს ყველაფერი და უარი თქვას ძალადობაზე, რეპრესიებზე და მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს”.
გლობალური შეშფოთება – ჩინეთი და რუსეთი სამხედრო ესკალაციის წინააღმდეგ
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებზე. პეკინი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები და კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოაგვარონ.
მსგავსი გზავნილი გაავრცელა რუსეთმაც. მოსკოვის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის ქმედებები არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის აქტია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა
საფრანგეთის ინიციატივით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას მართავს ირანსა და რეგიონში არსებული სიტუაციის განსახილველად. ფრანგი დიპლომატები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს დეესკალაციისთვის.
ჰორმუზის სრუტე – სტრატეგიული გზის კონტროლი ირანის ხელში
ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის ინფორმაციით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტის გავლა აუკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ თეირანს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ეს ბრძანება, ევროკავშირის ხომალდები ირანული რადიო სიგნალების მიღებაზე საუბრობენ, რაც რეგიონულ საზღვაო უსაფრთხოებაზე ახალ საფრთხეს ქმნის.
საუდის არაბეთი – მხარდაჭერა მოკავშირე არაბულ ქვეყნებს
საუდის არაბეთმა დაგმო ირანის მიერ არაბული სახელმწიფოების, მათ შორის, ქუვეითის, ბაჰრეინისა და კატარის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები. ერ-რიადი აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა რესურსს, რათა მხარი დაუჭიროს პარტნიორებს, მათ მიერ არჩეული საპასუხო ზომების გატარებაში.
უნგრეთი და ენერგეტიკული უსაფრთხოება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირანის გარშემო ომთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრისას ხაზი გაუსვა რუსული ნავთობის იმპორტის მნიშვნელობას. მისი თქმით, ირანი გლობალურ ნავთობის ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და ომის შემთხვევაში მიწოდება საფრთხის ქვეშ დადგება. ორბანი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ “დრუჟბას” ნავთობსადენი უნგრეთისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია და უკრაინას მოუწოდებს, მიწოდება დაუყოვნებლივ აღადგინოს.